logo
ENG



პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერი, ლევან ვასაძე მოქალაქეებს ხვდება

16 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

დღეს, 16 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის წინა დღეს, პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" სახელით მოქალაქეებს ხვდება და როგორც აცხადებს, მოსახლეობას საკუთარ გეგმებს აცნობს. 

პოლიტიკაში მოსვლა მან 6 მაისს დააანონსა. 

ლევან ვასაძე უკვე რამდენიმე წელია, ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით გამოდის და ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ფიზიკურ საფრთხესაც უქმნის. 

მაგალითად, 2019 წლის ივნისში, როცა Tbilisi Pride-მა კვირეული დააანონსა, ვასაძე დაემუქრა როგორც მათ, ასევე პოლიციას და განაცხადა: "თუ დაიცავთ პრაიდს და ჩაატარებინებთ მას, თქვენს თავს დააბრალეთ". 

რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 16 ივნისს ვასაძემ "მხოლოდ ნამდვილი კაცები" ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა ერთად ემსჯელათ, როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი სიამაყის კვირეულის ჩაშლას. 

მას თან ჰქონდა ქამარი და ჯვარ-კომბალი. როგორც თქვა, "პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდა, მათი იარაღი კი ქამრები იქნებოდა - ამით შეუკრავდა ხელებს ლგბტქ თემის წევრებს". 

2019 წლის 20 ივნისს ლევან ვასაძე შსს-ში დაიბარეს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანებას გულისხმობს. თუმცა, საქმეზე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და ვასაძეს პასუხი არაფერზე უგია. 

მეტიც, "თავისუფლების მონიტორის" ინფორმაციით, ლევან ვასაძის კომპანია სს ბაგრატიონი 1882-მა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო. 

2019 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდმა შსს-სთან რამდენიმეწუთიანი აქცია გამართა და ლგბტქ თემის წევრების მიმართ ძალადობა დაგმო. ლევან ვასაძემ თანამოაზრეებთან მათზე ძალადობა სცადა, თუმცა, ადგილზე მისვლა დააგვიანდა. 

2019 წლის 5 ნოემბერს ლევან ვასაძემ სცადა ფილმის And Then We Danced ჩვენების ჩაშლა. მისი ხელმძღვანელობით პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანთან შეიკრიბნენ, სცადეს კინოთეატრში ძალით შეჭრა და დარბევა, ადგილზე აფეთქებდნენ პიროტექნიკას. ამ დღეს ფიზიკური საფრთხე შეექმნა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფილმის ნახვა სცადა. აქტივისტ ანა სუბელიანს თავში მოხვდა მძიმე საგანი. ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს ჟურნალისტების ტექნიკაც. ლევან ვასაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ამ დღის შემდეგ დამდგარა.


close დახურვა